ღია წერილი მინისტრს – ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის განხორციელების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით
ღია წერილი
26 დეკემბერი 2023
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს
ბ-ნ ზურაბ აზარაშვილს
ბატონო ზურაბ,
საქართველოში სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების მიმართულებით მომუშავე ექსპერტები, ორგანიზაციები და ასოციაციები შეგვაშფოთა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2023 წლის 26 ოქტომბერს მიღებულმა ბრძანებამ, რომელიც ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის განხორციელების წესებს ეხება. შეშფოთებას იწვევს როგორც ბრძანების შინაარსი, ისე მისი შემუშავებისა და მიღების პროცესში ზემოაღნიშნული ექსპერტების, ორგანიზაციების და ასოციაციების ჩართულობის უგულებელყოფა. არაერთხელ მივმართეთ წერილით ჯანდაცვის მინისტრს (მათ შორის, მოვითხოვეთ იმ ექსპერტების სია, რომლებიც ჩართული იყვნენ თემის განხილვაში სამთავრობო დონეზე), თუმცა რეაგირება ჯერჯერობით არ ყოფილა. ღია წერილში კი (18.12.2023 წ.) დეტალურად განვიხილეთ ის საფრთხეები, რასაც გამოიწვევს აღნიშნული წესების დამტკიცება და რაც პირველ რიგში, ქალებს უქმნის დამატებით ბარიერებს, პრობლემებს და შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიშ დაბრკოლებებსაც კი.
წერილის ნახვა ვრცლად შეგიძლიათ ბმულზე, აქ კი მცირე ამონარიდებს შემოგთავაზებთ:
„დოკუმენტი, რომელიც „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის 2014 წლის 7 ოქტომბრის N01-74/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანას ემსახურება, განხილულ და ხელმოწერილ იქნა ჩვენი, ექსპერტების ჩართულობის და მოსაზრებების გათვალისწინების გარეშე; მეტიც, არათუ ჩართულნი არ ვყოფილვართ ბრძანების მომზადების პროცესში, ინფორმაციასაც არ ვფლობდით და რამდენიმე დღეში, საკანონმდებლო მაცნეს მეშვეობით გავეცანით. არადა, გაეროს კომიტეტი ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ, ჯანმრთელობის უფლების შემადგენელ ნაწილად ითვალისწინებს საზოგადოების ჩართულობას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში.
გარდა ზემოაღნიშნული არადემოკრატიული პროცესისა, გვაშფოთებს ცვლილებების შინაარსიც, რადგან ის პირდაპირ ეწინააღმდეგება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ შემუშავებულ ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის გაიდლაინს, სერვისზე წვდომის კუთხით დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს და არღვევს ჯანმრთელობის უმაღლესი სტანდარტით სარგებლობის უფლებას.
საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგოდ, 26 ოქტომბრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „აბორტისწინა კონსულტაცია/გასაუბრება ტარდება (შემდგომში – აბორტისწინა კონსულტირება) ექიმი მეან-გინეკოლოგის, სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის (სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს 2024 წლის 1 იანვრიდან) მიერ, კონფიდენციალურ პირობებში, სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ექიმის საკონსულტაციო ოთახში“. ცვლილების თანახმად, აბორტისწინა კონსულტაციას სავალდებულო პირობის სახით ემატება სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის კონსულტაცია. ასევე, რედაქტირდა მე-9 პუნქტი – ახალი დამატებით, აბორტისწინა კონსულტაციის და კანონით განსაზღვრული 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადის ამოწურვის შემდეგ, პროცედურამდე ჩატარებული რადიოლოგიური კვლევის შედეგები უნდა ჩაიწეროს და სურათი განთავსდეს პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში… ეს ყოველივე რამდენიმე მიმართულებით არის საგანგაშო:
- მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა ცალსახად ჯანმრთელობის საჭიროებაა, ეს სერვისი საქართველოში არ იფარება არც საჯარო/საყოველთაო და არც რომელიმე კერძო სადაზღვევო პროგრამით, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მასზე ფინანსურ წვდომას. აბორტისწინა კონსულტირების პროცესში როგორც სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის სავალდებულო ჩართულობა, ასევე დამატებითი რადიოლოგიური კვლევა (რომელიც სამედიცინო საჭიროებებით არ არის განპირობებული) ფინანსურ წნეხად დააწვება სერვისის მაძიებელ ქალს, ვინაიდან სერვისი საგრძნობლად გაძვირდება.
- ცვლილებამ, შესაძლოა, არა მხოლოდ ფინანსურ, არამედ გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობაზეც მოახდინოს გავლენა, რადგან სერვისის გამცემ ყველა სამედიცინო დაწესებულებას, შესაძლოა, არ ჰქონდეს სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის დასაქმების ფინანსური ან ადამიანური რესურსი. ესეც დამატებითი დამაბრკოლებელი ფაქტორი იქნება ქალებისთვის, დროულად მიიღონ გადაუდებელი ჯანმრთელობის სერვისი.
ასევე გასათვალისწინებელია ბრძანების მე-5 და მე-8 პუნქტებში აღნიშნული ცვლილება: „5. 7 კვირამდე (< 49 დღე) ვადის ორსულობისას მედიკამენტური აბორტი განხორციელდეს I დონის ანტენატალურ დაწესებულებაში, სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში სერტიფიცირებული ექიმ მეან-გინეკოლოგის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, ადეკვატური და დროული რეფერალის უზრუნველყოფის პირობით.“ ეს ცვლილება, ბრძანების ამოქმედების შემთხვევაში, შეზღუდავს ისედაც გეოგრაფიულად მწირად მოცულ სერვისზე ხელმისაწვდომობას.
ასევე, ბრძანების თანახმად: „მე-3 პუნქტით გათვალისწინებული 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადის დარღვევის შემთხვევაში დგება ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი“. საკითხის ირგვლივ და ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, არაერთი წელია, ხაზს უსვამენ, რომ აბორტისწინა მოსაფიქრებელი პერიოდის სავალდებულოდ ქცევა დამატებითი ბარიერია სერვისის მაძიებელი ადამიანებისთვის, არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და მიზანშეწონილია მისი გაუქმება.
საქართველოში სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების თემებზე მომუშავე ექსპერტებს, ორგანიზაციებსა და ასოციაციებს, მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს სრჯუ, ოჯახის დაგეგმვის სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით, რაც ვფიქრობთ, ხელს უწყობს დემოგრაფიული მგომარეობის გაუმჯობესებას. შესაბამისად, მრავალწლიანი გამოცდილებისა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ ზემოაღნიშნული ცვლილებები არ არის მიმართული დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. „ვერც ერთმა ქვეყანამ, რომელიც ეცადა შობადობის გაზრდას უსაფრთხო აბორტზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვით, ამ შედეგს ვერ მიაღწია. ნაცვლად ამისა, უსაფრთხო აბორტზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვამ გამოიწვია დედათა გაზრდილი სიკვდილიანობა და ავადობა, მეორადი უშვილობის ჩათვლით“[1]. ვფიქრობთ, სახელმწიფომ მეტი უნდა იზრუნოს ოჯახის დაგეგმვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად, გაზარდოს ამ კუთხით მხარდაჭერა და ინვესტირება, რაც ბევრად თვალსაჩინო შედეგს მოიტანდა, აბორტის სიხშირის შემცირებისა და ქალთა ჯანმრთელობის გაუმჯობესების მხრივ.
შეჯამების სახით ვიტყვით, რომ 2023 წლის 26 ოქტომბრით დათარიღებული ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის როგორც WHO-ს აბორტის გაიდლაინთან, ჯანმრთელობის, მათ შორის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტთან, ასევე, სერვისის მაძიებელი ადამიანების საჭიროებებთან. ის მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ აყენებს აბორტზე, როგორც კონფიდენციალურ სერვისზე წვდომას, რისი შედეგებიც, შესაძლოა, სავალალო აღმოჩნდეს ადამიანებისთვის. ახალი რეგულაცია გაზრდის თვითნებური და არალეგალური აბორტების რიცხვს, რაც საფრთხის შემცველია და შესაძლოა ლეტალური გამოსავლით დასრულდეს, გამოიწვიოს დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა. შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით:
– შეჩერდეს აღნიშნული ბრძანების ამოქმედება, ვიდრე საკითხი დეტალურად არ განიხილება საქართველოში სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების მიმართულებით მომუშავე ექსპერტების, ორგანიზაციებისა და ასოციაციების მონაწილეობით, მათი გამოცდილებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით.
აბორტის კანონის წინააღმდეგ წერილზე ხელმომწერი ორგანიზაციები:
საქართველოს მეან გინეკოლგთა ასოციაცია
საქართველოს კონტრაცეფციისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საზოგადოება
საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“
ასოციაცია ჰერა-21
ქალთა ფონდი საქართველოში
ქვიარ ასოციაცია „თემიდა“
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი – WISG
რეალური ხალხი, რეალური ხედვა
საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონი
არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის"
ასოციაცია საზოგადოების კეთილდღეობისთვის.
შშმ ქალთა ეროვნული ქსელი
ორგანიზაცია ფუსფუსი
სათემო განვითარების პლატფორმა
ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი – XXI
GrlzWave
თბილისი პრაიდი – Tbilisi Pride
ორგანიზაცია ერთად ახალი სიცოცხლისთვის
[1] გაეროს მოსახლეობის ფონდის 2014 წელს პოლიტიკის მიმოხილვის დოკუმენტი „ოჯახის დაგეგმვის პოლიტიკისა და სერვისების გაძლიერება – უსაფრთხო და ეფექტური გზა აბორტის სიხშირის შესამცირებლად საქართველოში”