ბლოგი

პროექტის „აივ თვითტესტირების სტრატეგიების პილოტირება სარისკო პოპულაციების წარმომადგენლების პარტნიორებს შორის“ შემაჯამებელი შეხვედრა

პროექტის „აივ თვითტესტირების სტრატეგიების პილოტირება სარისკო პოპულაციების წარმომადგენლების პარტნიორებს შორის“ შემაჯამებელი შეხვედრა

2020-2021 წლებში, აივ-ის, ვირუსული ჰეპატიტებისა და ტუბერკულოზის დასავლეთ-აღმოსავლეთ ევროპული პარტნიორობის ინიციატივის (WEEPI) ფინანსური მხარდაჭერით, „თანადგომამ“ განახორციელა პროექტი „აივ თვითტესტირების სტრატეგიების პილოტირება სარისკო პოპულაციების წარმომადგენლების პარტნიორებს შორის“. პროექტის მიზანი იყო მსმ-ის, ქალი და ტრანსგენდერი სექს-მუშაკების პარტნიორებში აივ-ტესტირების გაფართოება აივ თვითტესტის მიწოდების სტრატეგიების პილოტირების გზით.

 

პროექტი სამი კვლევისაგან შედგებოდა:

 

  • მონაწილეობითი მოქმედების კვლევა
  • აივ ინფექციის თვითტესტირების სტრატეგიების იდენტიფიცირება თვისებრივი მეთოდოლოგიით
  • მიღებული სტრატეგიების პილოტირება სექს-საქმიანობაში ჩართული სამიზნე პოპულაციების (მსმ, ტრანსგენდერი ქალი და ქალი სექსმუშაკები) სქესობრივ პარტნიორებში რაოდენობრივი მეთოდოლოგიით

 

2021 წლის 20 დეკემბერს ჩატარდა ონლაინ შეხვედრა, რომლის მიზანი იყო განხორციელებული კვლევების შედეგების გაცნობა. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო, არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორებიცაა: ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაცია, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი, გაეროს სააგენტოები (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, გაეროს მოსახლეობის ფონდი), ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი, „თანასწორობის მოძრაობა“, „თემიდა“, საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონი“, და სხვ.

 

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო კვლევის შედეგები, მიგნებები და რეკომენდაციები. პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

 

პროექტის შედეგებზე დაყრდნობით „თანადგომა“ მომავალში გეგმავს იგივე – სამეტაპიანი კვლევის მიდგომის გამოყენებას აივ თვითტესტირების სტრატეგიების შესასწავლად სხვა სარისკო პოპულაციების წარმომადგენლების პარტნიორებს შორის. ასევე, იგეგმება სხვადასხვა ინტერვენცია, პროექტში რამდენიმე ქალაქის ჩართვა და ა.შ.