დამოკიდებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრითანადგომა

 

„თანადგომას” ხელშეწყობით 2016 წლის აპრილში გაიხსნა და ფუნქციონირება დაიწყო სადღეღამისო სარეაბილიტაციო ცენტრმა „თანადგომა“, რომელიც მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში. ცენტრი ემსახურება ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირებს.

> ცენტრის შესახებ

ცენტრი გაიხსნა პროექტის „აღმოვფხვრათ ხარვეზები: ჯანმრთელობა და უფლებები მოწყვლადი ჯგუფებისათვის“, რომელიც ხორციელდებოდა ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციასთან „შიდსის ფონდი აღმოსავლეთი-დასავლეთი“ (AFEW – AIDS Foundation East-West) პარტნიორობით.

ცენტრი მოიცავს ძირითად საცხოვრებელ შენობას, 2000 კვადრატულ მეტრ ეზოს და დამხმარე ნაგებობებს.

ძირითადი საცხოვრებელი შენობა სამსართულიანია: პირველ სართულზე განთავსებულია ადმინისტრაციული განყოფილება, სასადილო და ფართები პროგრამული აქტივობებისთვის, მე-2 სართული წარმოადგენს საცხოვრებელ ფართს, სადაც განთავსებულია 1 საცხოვრებელი ოთახი ცენტრის შტატის წარმომადგენლისთვის და 4 საცხოვრებელი ოთახი პროგრამის ბენეფიციარებისთვის. სულ ცენტრი გათვლილია 10 ბენეფიციარზე. მესამე სართულზე განთავსებულია რეკრეაციული ზონა, რომელიც გათვალისწინებულია სპორტული აქტივობებისთვის და სხვადასხვა ჯგუფური ღონისძიებებისთვის.

ეზოში მდებარეობს მცირე ბოსტანი შრომითი თერაპიისთვის, ასევე ხეხილის ბაღი.

დამხმარე ნაგებობები გათვალისწინებულია არტ თერაპიისთვის და სხვადასხვა სამეურნეო ხელსაწყოების შესანახად.

ცენტრისთვის შენობა და მასთან მიმდებარე ეზო შეიძინა „თანადგომამ“, ხოლო პროექტის „აღმოვფხვრათ ხარვეზები: ჯანმრთელობა და უფლებები მოწყვლადი ჯგუფებისათვის“ ფარგლებში განხორციელდა შენობის პირველი სართულის რესტავრაცია და აღჭურვა. 2017 წელს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „გაუმჯობესებული შესაძლებლობები პატიმრების, ყოფილი პატიმრების და პრობაციონერების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისათვის“ ფარგლებში განხორციელდა ცენტრის მეორე სართულის რემონტი და აღჭურვა. აგრეთვე აშენდა და აღიჭურვა დამხმარე ნაგებობა თიხის საამქროსთვის. სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ მოხერხდა ცენტრის მესამე სართულის კეთილმოწყობა.

> ცენტრის პროგრამა

ცენტრი წარმოადგენს რეზიდენტულ სარეაბილიტაციო ცენტრს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბენეფიციარებთან მუშაობა მიმდინარეობს სტაციონარულ პირობებში. ცენტრის მუშაობა დაფუძნებულია კომბინირებულ მიდგომაზე, რაც გულისხმობს მულტიდისციპლინური

გუნდის ჩართულობას რეაბილიტაციის პროცესში. ცენტრის პროგრამა მოიცავს ინდივიდუალურ და ჯგუფურ კონსულტირებას, „12 ნაბიჯის“ მეთოდით მუშაობას, არტ-თერაპიას, კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიას, შრომით თერაპიას, ოჯახურ თერაპიას და სხვა.

კლიენტის ცენტრში მოხვედრის შემდეგ დგება მკურნალობის ინდივიდუალური გეგმა, რომელიც მორგებულია კლიენტის საჭიროებებს. რეაბილიტაციის პროცესი არის ინტენსიური, დატვირთული სხვადასხვა, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური აქტივობებით. ის ეხმარება დამოკიდებულ პირებს, გააანალიზონ განვლილი ცხოვრება, საკუთარი ქცევები და გამოიტანონ დასკვნები, რაც ეხმარება მათ სიფხიზლის შენარჩუნებაში. რეაბილიტაციის პროცესში ჩართული არიან ოჯახის წევრებიც, რომლებთანაც მიმდინარეობს თანადამოკიდებულების საკითხებზე მუშაობა.

სარეაბილიტაციო პროგრამის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, კლიენტის საჭიროებებიდან გამომდინარე. საშუალოდ  ეს მოიცავს 3 თვეს.

ცენტრის გახსნიდან რეაბილიტაცია გაიარა 50-ზე მეტმა ბენეფიციარმა.

კლიენტების ცენტრში მიღების კრიტერიუმებია:

  • კლიენტის ასაკი (კლიენტი უნდა იყოს სრულწლოვანი);
  • კლიენტის აბსტინენციის სტატუსი (მწვავე ინტოქსიკაციის, ეგრეთ წოდებული „ლომკის“ ქვეშ მყოფი კლიენტები ცენტრში არ მიიღებიან, მათი გადამისამართება ხდება შესაბამის კლინიკებში);
  • ცენტრის პროგრამის პირობების შესრულება (კლიენტს მოეთხოვება ცენტრში არსებული პროგრამის შესრულება);

პროგრამაში მიღებამდე კლიენტი გადის ინტერვიუს ცენტრის მულტიდისციპლინურ გუნდთან, რის შემდეგაც ორივე მხარე (ერთი მხრივ, კლიენტი და, მეორე მხრივ, ცენტრის მულტიდისციპლინური გუნდი) იღებს გადაწყვეტილებას რეაბილიტაციის პროცესში ჩართვის შესახებ.