ონკოპაციენტ ქალებში ფსიქორეაბილიტაციის და სექსუალური ჯანმრთელობის პროგრამის ადვოკატირება
2019 წელს „თანადგომა“დაინტერესდა ონკოპაციენტ ქალებში როგორც ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის, ისე სექსუალური ჯანმრთელობის მხრივ არსებული პრობლემებით. 2021 წელს ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა, რომლის შედეგადაც იდენტიფიცირდა, თუ რა პრობლემებს ეჯახებიან ონკოპაციენტი ქალები მკურნალობისა და გამოჯანმრთელების გზაზე.
2022 წელს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომა“, „გამარჯვებულ ქალთა კლუბი“, კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი და საქართველოს უნივერსიტეტი. ჯგუფის მიზანია ონკოპაციენტი ქალების ფსიქოსოციალური და სექსუალური ჯანმრთელობის საკითხების ადვოკატირება.
2023 წლის 20 მაისს ჩატარდა გასვლითი სამუშაო შეხვედრა ქ. თელავში. შეხვედრას ესწრებოდნენ ონკოპაციენტი ქალები, ფსიქოლოგები, ონკოლოგები, ასევე მედიის წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანი იყო ონკოპაციენტი ქალების სექსუალური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ადვოკატირების გეგმების დასახვა და კოორდინირება.
შეხვედრაზე გაკეთდა კვლევების პრეზენტაციები:
- სექსუალური ჯანმრთელობის სფეროში არსებული პრობლემები რეპროდუქციული სისტემის ონკოლოგიური დაავადებების მქონე ქალებს შორის – ხათუნა ხაჟომია, ფსიქოლოგი, „თანადგომა“;
- ძუძუს რეკონსტრუქციული ქირურგიის გავლენა ონკოპაციენტი ქალების ფსიქოემოციურ მდგომარეობასა და სექსუალ ჯანმრთელობაზე – დინა ნემსაძე მამოლოგი, ქირურგი, ონკოლოგი, კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი;
- სტიგმატიზაციის ფაქტორისა და ფსიქოემოციური მდგომარეობის შეფასება ონკოპაციენტ ქალებში – თინა ბერუჩაშვილი, „გამარჯვებულ ქალთა კლუბი“, საქართველოს უნივერსიტეტი;
- ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის გავლენა ონკოპაციენტების გამოჯანმრთელების პროცესში – მარიამ ქუთათელაძე, ფსიქოლოგი, კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი;
- ონკოპაციენტი ქალების ფსიქოსოციალური და სექსუალური ჯანმრთელობის საკითხების გაშუქების მნიშვნელობა – მაია ჯიბუტი, ფსიქოლოგი, „თანადგომა“.
შეხვედრის ბოლოს მედიის წარმომადგენლებმა დაგეგმეს სხვადასხვა აქტივობები საკითხის გაშუქების მიზნით. გარდა ამისა, სამუშაო ჯგუფმა დასახა სამომავლო მუშაობის გეგმები.