ბლოგი

ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს პაციენტების საჭიროებები სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მხრივ

ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს პაციენტების საჭიროებები სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მხრივ

2021 წლის 17 დეკემბერს „თანადგომამ“ გამართა შეხვედრა, რომელიც ეძღვნებოდა თვისებრივი კვლევის „ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს პაციენტების საჭიროებების შესწავლა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მხრივ“ შედეგების წარდგენასა და რეკომენდაციების განხილვას დარგის ექსპერტებთან ერთად. შეხვედრას ესწრებოდნენ ფსიქიატრები, ფსიქოლოგები, რეპროდუქტოლოგები, სოციალური მუშაკები და ფსიქიკური დაავადებების მქონე პაციენტების თემის წარმომადგენლები. კვლევის წარდგენის გარდა, ფსიქიატრმა მარინა გეგელაშვილმა ისაუბრა თემაზე „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების ინტეგრაციის საჭიროება და საერთაშორისო გამოცდილება“.

დისკუსიის ნაწილში მონაწილეებმა ისაუბრეს თავის გამოცდილებაზე,  გააზიარეს პრაქტიკული შემთხვევები და იმსჯელეს სამომავლო ნაბიჯებზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების სრჯუ საჭიროებები მეტად იქნას გათვალისწინებული სამედიცინო, სოციალური თუ ფსიქოლოგიური სერვისების გაწევისას. საერთო შეთანხმებით, დაიგეგმა, რომ პირველ ეტაპზე მომზადდეს საინფორმაციო მასალები როგორც პაციენტების მხარდამჭერებისათვის, ასევე სოციალური მუშაკებისათვის. მასალების მიზანი იქნება სრჯუ საკითხებზე გათვითცნობიერებულობის გაზრდა. გარდა ამისა, „თანადგომა“ გეგმავს აღნიშნულ საკითხებზე სოციალური მუშაკებისათვის სპეციალური სახელმძღვანელოს მომზადებას.